|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, წარმოგიდგენთ ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის 22 სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას და განსაზღვრავს აღნიშნული პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მოცულობას, საქონლის/მომსახურების დაფინანსების მოცულობას, დაფინანსების მექანიზმებსა და განმახორციელებელ ორგანიზაციებს. ძირითადად უცვლელი დარჩა 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილების ფარგლებში გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფორმატი და დიზაინი. დადგენილების ზოგად ნაწილში განისაზღვრა გარდამავალი პერიოდისთვის საჭირო ღონისძიებები (ხელშეკრულებების უწყვეტობა, ვაუჩერული პროგამების მიმწოდებლების სტატუსის შენარჩუნება, წინა პერიოდის დავალიანებების დაფარვა) და დაემატა დადგენილების ძირითად მუხლებს.
(1) ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს: (ა) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგს. ასევე გრძელდება საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, (ბ) 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკას, (გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს, (დ) დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგს, (ე)პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგს.
(2) ,,იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს: (ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინების და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას, (ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფტერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას; (გ)ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას; (დ) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე; (ე) წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკის წარმოება, ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ასევე, იმუნიზაციის პროგრამა ითვალისწინებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას. პროგრამის მომსახურების მოცულობას ემატება ცივი ჯაჭვის მოწყობილობა/ინვენტარისა და მონტაჟის შესყიდვის კომპონენტი. ცივი ჯაჭვის ინვენტარი პერიოდულად საჭიროებს აღდგენა/განახლებას და არ არის გათვალისწინებული არცერთი პროგრამის ფარგლებში, დღემდე ღონისძიება ხორციელდებოდა ან დონორული დაფინანსებით ან ცალკეული განკარგულებებით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. პროგრამის განხორციელების მექანიზმით UNICEF-ის დახმარებით შესყიდვის სქემას ემატება ანტირაბიული ვაქცინის, ცივი ჯაჭვის მოწყობილობა/ინვენტარის, ასევე ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში შესასყიდი მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა. აღნიშნული მექანიზმით შევძლებთ თავიდან ავირიდოთ ვაქცინებისა და მედიკამენტების შესაძლო დეფიციტი ბაზარზე (რაც დაფიქსირდა მაგ. მიმდინარე წლის განმავლობაში მალარიის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვისას) (3) ეპიდზედამხედველობის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: (ა) ეპიდზედამხედველობის განხორციელებას და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას: (ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებას საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით: (გ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას; (დ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას; (ე) მუნიციპალური სჯდ ცენტრებისთვის ინტერნეტ სერვისის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურებას, დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
(4) უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: (ა) დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და ათაშანგზე, (ბ) ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფა, (გ) სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის "უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროგრამის მოცულობას დაემატა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის: · ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის კომპონენტის ფარგლებში კომპონენტით გათვალისწინებული სერვისები ვრცელდება არამარტო პროგრამის მიმწოდებელ სისხლის ბანკებზე, არამედ ყველა ბანკზე რომელიც ფლობს შესაბამის ლიცენზიას და თანხმობას განაცხადებს კომპონენტში მონაწილეობაზე. · პროგრამის დაფინანსების მექანიზმში დაგეგმილია ცვლილება. პროგრამის ფარგლებში ერთეული შემთხვევის ღირებულება განსაზღვრულია 22 ლარით, საიდანაც ყოველთვიურად ბანკს ეძლევა 17 ლარი, ყოველ 3 თვეში დამატებით ეძლევა 2 ლარი იმ ბანკებს რომლებიც მიაღწევენ უანგარო დონაციათა ხვედრითი წილის 10%-იან ზრდას, ან უანგაროთა წილი მთლიან დონაციაში იქნება არანაკლებ 50%. ცვლილების პროექტით, ყოველ მომდევნო 3 თვეში დამატებით 3 ლარი აუნაზღაურდებათ იმ ბანკებს, რომელთა შესრულებულ სამუშაოში უანგაროთა წილი მთლიან დონაციაში იქნება არანაკლებ 50% და უანგარო დონაციათა შორის რეგულარული დონორების წილი იქნება არანაკლებ 30%. · პროექტით იზრდება მიმწოდებელი დაწესებულებების ვალდებულება, მათ შორის: სისხლის ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს სკრინინგით დადებითი დონორების წინა დონაციებიდან დამზადებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების ამოღება მარაგებიდან, მ.შ. სამედიცინო ქსელიდან;
(5) ,,პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საწარმოში დასაქმებულთა პროფესიული ჯანმრთელობის კვლევას მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით და გამოვლენილ პროფესიულ დაავადებათა დიაგნოზების აგრეგირებას მონაცემთა ბაზაში; სამუშაო ადგილებზე არსებული პროფესიული რისკების ინვენტარიზაციასა და შეფასებას; პროფესიული რისკფაქტორების პირველადი პრევენციის ღონისძიებათა კომპლექსისა და მავნე ფაქტორების ექსპოზიციის დონის შემცირების რეკომენდაციების შემუშავებას კონკრეტული საწარმოსათვის; დასაქმებულთა ჯანმრთელობის მონიტორინგის ოპტიმალური სქემისა და სამედიცინო შემოწმების პერიოდულობის განსაზღვრას მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით; საწარმოს ადმინისტრაციისა და დასაქმებულთა სწავლებას პროფესიული დაავადებების პრევენციის, პროფესიული რისკების შეფასებისა და კონტროლის მექანიზმების საკითხებზე; ქვეყნის მასშტაბით კონკრეტულ საწარმოებში არსებული პროფესიული რისკების ეპიდემიოლოგიური რუკისა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებას. ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამით გათვალისწინებულია შესაბამისი კომპონენტი ექსპერტული მომსახურების შესასყიდად.
(6) „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ინფექციური ნოზოლოგიების დროს სტაციონარული მკურნალობის ანაზღაურება თანაგადახდის პრინციპის გამოყენებით.
(7) ,,ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: (ა)ამბულატორიული მომსახურება, (ბ) ეპიდზედამხედველობა, (გ) ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა, (დ) სტაციონარული მომსახურება, (ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა, ვ) ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი, ზ) ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების (სრულად)და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების 50%-ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება, თ) სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი წახალისების საშემოსავლო გადასახადისა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა ფულადი წახალისების დაფინანსება.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გარკვეულ პოზიციებზე ტარიფების 10% ზრდა, კერძოდ:
აღნიშნული გათვლებით სტაციონარული მომსახურების და ამბულატორიული მკურნალობის კომპონენტების ბიუჯეტი არ სცილდება საბიუჯეტო ასიგნებებს.
(8) ,,აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები: (ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება; (ბ) აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით; (გ) აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით; დ) აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის (50%) მედიკამენტების შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. პაციენტებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.
2018 წლის სახელმწიფო პროგრამის პროექტში გათვალისწინებულია ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში - პირველი ვიზიტის (გაფართოებული) და განმეორებითი ვიზიტის (გაფართოებული) ერთეულის ღირებულებების გაზრდა საშუალოდ 10%-ით. აღნიშნული ცვლილება არგუმენტირებულია სერვისების პროგნოზული რაოდენობის მატებით, სერვისების ღირებულების ზრდით, ტესტ-სისტემების შეძენით (გლობალური ფონდი სახელმწიფო პროგრამას უზრუნველყოფდა ტესტების სრული რაოდენობით, ამჟამად ეტაპობრივად ხდება გლობალური ფონდის აქტივობების ჩანაცვლება სახელმწიფო პროგრამით, მათ შორის ტესტ სისტემების შეძენაც). ასევე შიდსის ცენტრში დაინერგა კვლევის აუცილებელი მაღალტქნოლოგიური მეთოდები: ლიქვორში HSV PCR, VZV PCR განსაზღვრა, სისხლში CMV PCR განსაზღვრა) (შიდსის ცენტრის წერილი N01-18/946).
(9) ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მოცულობა იცვლება 2018 წლის 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულებისათვის. კერძოდ, 4 ვიზიტის ნაცვლად, პროგრამით გათვალისწინებულია 8 ვიზიტის უზრუნველყოფა. ანტენატალური ვაუჩერის ღირებულება 57,5 ლარიდან იზრდება 180 ლარამდე. ცვლილება ეხება სერვისის მიმწოდებლად დარეგისტრირების პირობებს. კერძოდ: ამ პროგრამის მიზნებისთვის, თვითმმართველ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში, „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია: ა) სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ანტენატალური, ასევე, სამეანო სერვისების მიწოდებას;
ბ) მხოლოდ ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი ის დაწესებულება, რომლის მიერ საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებული ორსულთა საერთო რაოდენობა >300-ზე.
2018 წლის 1 თებერვლიდან ბენეფიცირებისთვის ასევე იზღუდება ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების ცვლილების შესაძლებლობა, გარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის (საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ცვლილება) და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გამონაკლისებისა (დადასტურებული დოკუმენტით - ფორმა NIV-100/ა). ამასთან, მშობიარობა/საკეისრო კვეთის სერვისის მისაღებად ორსულს აქვს დაწესებულების თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება ინფორმაციის წარმოდგენა თანდართული დანართის ,,ანტენატალური მოვლის ინდიკატორები“ შესაბამისად.
ახალშობილთა სმენის სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია სმენის სკრინინგის ქვეყნის მასშტაბით გავრცელებისთვის საჭირო ღონისძიებები.
(10) ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს (1) სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის ღონისძიებებს; (2) ჩანაცვლებითი თერაპიის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტს (მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას; (3) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას; (4) მომსახურების ეფექტურობის შეფასების კომპონენტს და (5) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მომსახურებას.
(11) ,,ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს (1)თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერებას, (2) ჯანსაღი კვების შესახებ განათლებასა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, (3) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას, (4) C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობას, (5) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერებას, ასევე (6) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენციას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებები, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 1 100 000 ლარამდე.
(12) ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, (1) 2018 წლისათვის დაგეგმილია უპირატესად აქცენტირება სათემო სერვისების განვითარებაზე. სათემო ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში იგეგმება პაციენტთა მომსახურება ტერიტორიული პრინციპით. პროგრამით განისაზღვრება დაწესებულებების სამოქმედო არეალები, შესაბამისი არეალიდან გამოითვალა აქტიური პაციენტების პროგნოზული რაოდენობა, ერთეულის ფასი განისაზღვრა დაახლოებით 8 ლარით და ამ მონაცემებით გაითვალა დაწესებულებების თვის ბიუჯეტები. აღნიშნული გათვლებით კომპონენტის ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით იზრდება დაახლოებით 50%. (2) ცვლილება ეხება ასევე სტაციონარული მომსახურების კომპონენტს, იზრდება ქრონიკული საწოლდღის ღირებულება 19 ლარიდან 23 ლარამდე, ანაზღაურება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. აღნიშნული ცვლილებით კომპონენტის ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით იზრდება დაახლოებით 11%. (3) მნიშვნელოვნად იზრდება სათემო მობილური გუნდების რაოდენობა. იანვრიდან პროგრამაში ჩაერთვება 8 გუნდი, მაისიდან დამატებით 2 გუნდი და აგვისტოდან კიდევ 1 გუნდი. ჯამში წლის ბოლოს მობილური გუნდების რაოდენობა იქნება 11. აღნიშნული გათვლებით კომპონენტის ბიუჯეტი იზრდება 541 000 ლარით (200%-ზე მეტით). (4) მცირე პროცენტული ზრდა ფიქსირდება ფსიქოსოციალური და თავშესაფრით მომსახურების კომპონენტების ფარგლებში. (5) ამ ეტაპზე (შესაბამისი მომსახურების სტანდარტების დამტკიცებამდე) უცვლელი რჩება კრიზისული ინტერვენციის და ბავშთა მომსახურების კომპონენტი
(13) „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“, „სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების“ და „შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებს.
(14) „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას.
(15) ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია (ა) ჰემო- და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, (ბ) თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციების ანაზღაურება და (გ) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
(16) „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს (ა) „ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის“, (ბ) „ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობის და სიმპტომური მკურნალობის“ და (გ) „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებს.
(17) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს: (ა) 18 წლამდე იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების ამბულატორიულ ზედამხედველობას, (ბ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პაციენტთა სტაციონარულ მკურნალობას, (გ) ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, (დ) ჰემოფილიით, მუკოვისციდოზით, ფენილკეტონურიით, იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (18 წლამდე), დიდი თალასემიით, ზრდის ჰორმონის საჭიროების და ბრუტონის დაავადების (18 წლამდე) მქონე პაციენტების სპეციფიური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
(18) სასაწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამით გათვალისწინებულია (1) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და (ბ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების კომპონენტები.
(19) „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“, „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“, „შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობის და განვითარებისა“ და „სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის“ კომპონენტებს.
(20) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტსა და ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტს;
(21) „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიულ შემოწმებას და სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს. მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
(22) ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდება კარდიო-ვასკულარული, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო, ასევე დიაბეტის (ტიპი 2) მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. პროექტის დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პატივისცემით,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული |